სიძულვილის ენა კანონისა და თავისუფლების ჭრილში

5
(4)

 

გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით განმტკიცებულ უფლებათაგან ერთ-ერთია. „აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“[1] სწორედ ამგვარ მოწესრიგებას შევხვდებით სახელმწიფოს უზენაეს კანონში. თუმცა ამავე მუხლის მეხუთე ნაწილს თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ ეს უფლება აბსოლუტური ხასიათის არ არის და გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. ევროპულ სახელმწიფოთა დიდი ნაწილი სიძულვილის ენას დასჯადად აცხადებს და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროდ არ მიიჩნევს, თუმცა ამერიკული პრაქტიკა განსხვავებულ, უფრო ლიბერალურ მიდგომას გვთავაზობს და ამ უფლების საზღვრებს კიდევ უფრო აფართოებს. საქართველო ამერიკულ ტენდენციებს მიყვება და, ხშირ შემთხვევაში, სიძულვილის ენას დასჯადობის საფუძვლად არ მიიჩნევს. ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირია დისკუსიები, რაც მის აქტუალურობას უსვამს ხაზს. საინტერესოა, განვიხილოთ დილემის არსი თავისუფლებისა და კანონის ჭრილში.

როდესაც ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, ხშირ შემთხვევაში, ამ ტერმინის ქვეშ მოვიაზრებთ შესაძლებლობებს, რომელიც შემოიფარგლება შეზღუდული არჩევანით, ამ შეზღუდვის მიზეზი კი სხვა ადამინის თავისუფლებაა. თუმცა ფრიდრიხ ჰაიეკის აზრით, თავისუფლების განმარტებისას მხოლოდ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და ამ ცნებას ქმედებისაგან გამოწვეულ შედეგებზე პასუხისგებაც უნდა დავუმატოთ.[2] შესაბამისად, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთის განუყოფელი ცნებებია და ერთის სარგებლობას მეორე მოსდევს თან. როგორც ზემოთ ვახსენე, თავისუფლება არ არის ზღვარდაუდებელი ცნება, ხოლო ის, რაც თავისუფლებას შემზღუდველ ძალად ევლინება, უმეტესად, კანონია. კანონის საჭიროების შესახებ არგუმენტად ცხოველთა სამყაროც გამოდგება. პირადი სივრცის საზღვრებში მოქცევა, წინაპირობაა წესრიგისთვის, რათა არიდებულ იქნეს თავიდან ქაოსი.[3] საინტერესოა, განვიხილოთ ამ მოსაზრებათა რეალიზაცია პრაქტიკაში, კერძოდ, როგორ საზღვრებს დაუდგენს კანონი გამოხატვის თავისუფლებას და მოექცევა თუ არა სიძულვილის ენა მის ფარგლებში.

სიძულვილის ენა გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ფორმაა საზოგადოებაში. იგი ხელს უწყობს უარყოფითი დამოკიდებულების დამკვიდრებას კონკრეტული ნიშნის მქონე ხალხის მიმართ. 1997 წელს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად: „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, ხელს უწყობს, პროვოცირებას უწევს ან ამართლებს ქსენოფობიას, რასობრივ შუღლს, ანტისემიტიზმს…[4] ამ განმარტებას თუ მივყვებით, რთულია, დავიჭიროთ ის სიკეთე, რისი მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს სიძულვილის ენის არადასჯადად გამოცხადება. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ადამიანს მხოლოდ იმის გამოხატვის საშუალებას მივცემთ, რაც მხოლოდ საზოგადოებისთვის იქნება მისაღები და ე.წ. საღ აზრად შეიძლება იყოს მიჩნეული, მაშინ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების მთელი ხიბლი დაიკარგება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა შეიძლება მივიჩნიოთ იმ ზღვრად, რომლის გადაკვეთამდეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ დაარღვევს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. ჯონს სტიუარტ მილი წერს, რომ შეხედულებები, რომლებიც გამოხატვის შედეგად ბოროტმოქმედების პოზიტიური წამქეზებელია, კარგავს თავიანთ ხელშეუხებლობას.[5] შესაბამისად, შეგვიძლია დავუშვათ, რომ სწორედ აქ გადის გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც. კონსეკვენციალისტური გაგებით რომ შევხედოთ საკითხს, გამოხატვა, რომელსაც შედეგად ძალადობა მოჰყვება, არ შეიძლება ჩაითავლოს გამართლებულად. თანამედროვე კანონმდებლობაშიც შევხვდებით მსგავს მოწესრიგებას. თუ სიძულვილის ენით, როგორც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმით, გამოთქმულ აზრს შესაძლოა მოჰყვეს მყისიერი და რეალური საფრთხე, ამ შემთხვევაში ის უფლებით დაცულ სფეროს სცდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მსჯელობისას განაცხადა, რომ „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გადის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, კონსტიტუციით გამტკიცებულ პრინციპებს და ღირებულებებს უქმნის საფრთხეს.“[6] ძალადობის რეალური და მყისიერი საფრთხე კი სწორედ ამგვარ ზღვრად უნდა მივიჩნიოთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რთულია განვსაზღვროთ ის ხაზი, სადაც წყდება ადამიანის თავისუფლება და კანონის საფუძველზე იზღუდება იგი. ამ თავისუფლებათა რიცხვს განეკუთვნება აზრისა და გამოხატვის უფლება, რომლის ნაწილადაც მივიჩნევთ სიძულვილის ენას, იმ ხაზად კი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც ინდივიდს თავისუფლება შეიძლება შევუზღუდოთ, ძალადობის რეალური და მყისიერი საფრთხე უნდა მივიჩნიოთ.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. მილი ჯ.ს., თავისუფლების შესახებ, 1859
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში – https://gdi.ge/uploads/other/0/192.pdf 
  3. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი  17, პუნქტი 1, 28/05/1995.
  4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პ. 
  5. The Constitution of Liberty, F.A. Hayek, 1978

 

[1] საქართველოს კონსტიტუცია, 28/05/1995, მეჩვიდმეტე მუხლის პირველი ნაწილი.

[2] The Constitution of Liberty, F.A. Hayek, 1978, pg.-71.

[3] The Constitution of Liberty, the collected works of F.A. Hayek, 2011, pg.-216.

[4] სიძულვილის ენის აღმოფხვრა პოლიტიკურ დისკურსში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, გვ.16-17.

[5] თავისუფლების შესახებ, ჯ.ს. მილი, 1859, გვ.71-72.

[6]  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პ. 90.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსების "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ან "პოლიტიკური იდეოლოგიები" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.

რამდენად მოგეწონათ სტატია?

საშუალო რეიტინგი 5 / 5. შეფასდა 4

%d bloggers like this: