რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების საკითხი

5
(7)

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც რუსები ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას სარგებლობენ. გაჩნდა პროტესტის ტალღა, რომელიც რუსეთთან სავიზო რეჟიმს, რუსული ავიაკომპანიებისთვის ცის ჩაკეტვას, ხოლო საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის კი გარკვეული მომსახურებების შეზღუდვას მოითხოვს. რასაკვირველია, ასევე გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ამ მოთხოვნებს რუსოფობიულად აფასებენ და ვაჟას „სტუმარ-მასპინძლის“ არასწორი ინტერპრეტაციით, ჩვენი ერის სტუმართმოყვარეობასა და უცხოელების მიმართ იმ ტოლერანტულობაზე საუბრობენ, ოდითგანვე რომ მოსდგამს ქართველებს. რამდენად აუცილებელია რუსეთიდან დაძრული „ლტოლვილთა“ ნაკადის წინააღმდეგ კანონების შემოღება, ცხადია, უამრავი ნიშნით შეიძლება შევაფასოთ, თუმცა ამ ბლოგში ეს საკითხი ერთ-ერთი ეთიკური თეორიის, კონსექვენციალიზმის მიხედვით განვიხილოთ.

ადამიანები საუბრობენ, თუ რამდენად არსებითი უნდა იყოს მორალი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას. რამდენად არის ეს ყველაფერი ეთიკური, რომელიც სვამს რთულ შეკითხვას, რომელსაც ჯერ კიდევ სოკრატე სვამდა 2400 წლის წინ: როგორ უნდა ვიცხოვროთ? კონსექვენციალიზმი, როგორც მორალური ფილოსოფია, გულისხმობს ქმედების ჭეშმარიტების დადგენას მისი გამოწვეული შედეგების მიხედვით. რაც უკეთესია შედეგი, მით უკეთესია ქმედებაც. კონსექვენციალისტური მორალური თეორია გვთავაზობს კრიტერიუმებს, რომელიც ნებისმიერი სიტუაციისთვის განასხვავებს ქმედებას მისი სისწორისა და სიმცდარის მიხედვით. მორალური თეორია კი, რომელიც ამ პრინციპით მუშაობს, ცხადია, უპასუხებს კითხვებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ცალკეულმა ინდივიდებმა ერთად საზოგადოებაში და თუ რა გადაწვეტილება უნდა მიიღოს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობამ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და დაიწყო ბოლო პერიოდში ევროპის კონტინენტზე მომხდარ კონფლიქტებს შორის ყველაზე მასშტაბური ომი, ცივილიზებულმა მსოფლიომ რუსეთის აგრესიისა და დანაშაულებრივი ქმედებების შესაჩერებლად, მათ უამრავი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სანქცია დაუწესეს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ევროპაში გამგზავრება, საკუთარ ტერიტორიაზე კი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი კომპანიები და მომსახურებები აღარ ფუნქციონირებენ. საქართველოს მთავრობა მათ წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანას ხელთ არ აქვს ისეთი მასშტაბის ბერკეტები, როგორიც სხვას, მით უმეტეს მაშინ, როცა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა მიუხედავად მათი გაცხადებული მტრობისა ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა თუკი შევთანხმდებით, რომ ევროინტეგრაცია კეთილდღეობის მომტანია, ქვეყნისთვის, რომელსაც კონსტიტუციით აქვს გაწერილი, რომ ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ყველა საჭირო ზომის მიღებაა საჭირო კონსტიტუციური ორგანოების მხრიდან, შეუძლებელია კარგი შედეგები მოჰყვებოდეს რუსებისთვის ევროპული სანქციებისაგან თავის არიდების არეალად ქცევას. ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის ზრდა საქართველოში და მათი აქ მუდმივ მაცხოვრებლებად დარჩენა ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. მაგალითისთვის, უკრაინის ხელისუფლება ომამდეც ამჩნევდა, რომ რუსეთი ნიადაგს ამზადებდა რუსულენოვანი მოსახლეობის „დაცვის“ მიზნით უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისათვის.

ცხადზე უცხადესია, რომ თუკი კლასიკოს ავტორს, ჯერემი ბენთამს დავუჯერებთ, რომ კონსექვენციალიზმის მიხედვით ქმედება სწორია, თუ შესაძლებლობას იძლევა წარმოშვას ბედნიერება, ხოლო არასწორი, თუკი იგი მეტად ტკივილისმომგვრელია, მივხვდებით, რომ ქართული საზოგადოება, უმჯობესი იქნება სიმშვიდით არ შეხვდეს რუსების მასობრივ შემოდინებას საკუთარ ქვეყანაში, თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი ეთნიკური ნიშნით ძალადობის მაჩვენებლების ზრდის საბაბად არ უნდა იქცეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსების "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ან "პოლიტიკური იდეოლოგიები" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.

რამდენად მოგეწონათ სტატია?

საშუალო რეიტინგი 5 / 5. შეფასდა 7

%d bloggers like this: