ამჟამინდელი საზოგადოების წევრები არსებითად განსხვავებულ რეალობებში არსებობენ. გარდა ადამიანთა პიროვნული და გონებრივი მახასიათებლებისა (რომელიც თავისთავად კოლოსალურად აისახება მათი ცხოვრების დონეზე), ბუნებრივია, სხვადასხვაობა შეინიშნება ინდივიდუალური ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისითაც. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით რელევანტურია იმგვარ სახელმწიფოებში, რომლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბია. მაგალითად ისეთისათვის, როგორიც საქართველოა. 2020 წლის მონაცემებით, მოსახლეობის სრული რაოდენობის მეხუთედზე მეტი (21,3 %) სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია, რაც, საბოლოო ჯამში, გვაძლევს იმგვარ სურათს, რომელშიც ადამიანთა საზოგადოება მკაფიოდ ფრაგმენტირებულია, დიდი ჯგუფი იმყოფება უთანასწორო ეკონომიკურ მდგომარეობაში და მოკლებულია წვდომას მნიშვნელოვან საციცოცხლო რესურსებზე, რაც, საბოლოოდ, გამოუსწორებელი ზიანის წარმომშობია უმეტესად.
სანამ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით განვავითარებდეთ აზრს, უნდა განიმარტოს ის საფუძველი, რომელსაც დაემყარება შემდგომი მსჯელობა. ეთიკაში არსებობს ერთ-ერთი ასეთი თეორია – კონსეკვენციალიზმი, რომლის მიხედვით, ქმედება, რომელიც შედეგობრივად იწვევს სარგებლის მიღებას, ვერ იქნება ცუდი, ამორალური და არასწორი. ამავდროულად, თანადროული სიამოვნების მაქსიმიზაცია და ზიანის მინიმალიზება არ მიემართება განყენებულ, განცალკევებულ ერთ ადამიანს. ჯერემი ბენთამი აყალიბებდა აზრს, რომ სარგებელი უნდა იყოს ჯამური, უნდა მიიღებოდეს საერთო სიკეთე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავისახოთ მიზანი, რომელიც გამოიხატება შემდგომი შედეგის (ე.წ საერთო კეთილდღეობის) მიღწევაში – დავეხმაროთ უკიდურესად ღარიბ ადამიანებს, თავი დააღწიონ ამგვარ მდგომარეობას და განაგრძონ არსებობა.
თუ კონსეკვენციალიზმი ფოკუსირდება შედეგის თვისობრიობაზე, შეიძლება თუ არა, რომ ნებისმიერი გზა ჩაითვალოს გამოსადეგად? პირობითად, თუ გვსურს სიღარიბის გაქრობა, მაშინ იქნება თუ არა ეფექტიანი, საზოგადოების მდიდარ ელემენტებს, მათი ნებისდა მიუხედავად, ჩამოვართვათ სიმდიდრე და რესურსი თანაბრად გავანაწილოთ ყველა პირზე? საქმე ისაა, რომ ამგვარად რადიკალური გადაწყვეტა იმ მომენტში იქნება სარგებლიანი – თანხის თანაბრად დისტრიბუცია ყველა ადამიანის ძირითად მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. თუმცა რა იქნება რამდენიმე დეკადის ანდაც წლის შემდეგ? აშკარად განჭვრეტადია ის, რომ თუ ადამიანებმა იციან, რომ მათ მიერ გამომუშავებული თანხა, სიმდიდრე ადრე თუ გვიან წაერთმევათ, უბრალოდ, აღარ ეცდებიან „ზედმეტი“ ფულის გამომუშავებას. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტიანი ქმედება ტრანსფორმირდება არაფრისმომცემ და აბსურდულ ნაბიჯად.
განვიხილოთ შემსუბუქებული მეთოდი. ხშირად ამგვარი პრობლემის წარმოშობისას სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა ხმარდება ამგვარი მოწყვლადი ჯგუფებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნას. თუმცა როგორც ვიცით, სახელმწიფოში, რომელშიც სიღარიბე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, რთულია იმგვარი რესურსის გამოძებნა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ყველას მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, თუ შეიქმნა სიტუაცია, რომელშიც 1 ბავშვის სიღარიბიდან დახსნა და გადარჩენა იქნება ფულადობრივად 5 ზრდასრული ადამიანის დახმარების ეკვივალენტური, როგორ უნდა მოვიქცეთ? რამდენადაც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ შედეგზე, რაოდენობრივად მეტი ადამიანის გადარჩენა, კონსეკვენციალიზმის მიხედვით, მეტად პრიორიტეტულია.
კიდევ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი: რა თქმა უნდა, პრობლემა ახლა დგას, ახლა სჭირდებათ ადამიანებს დახმარება. თუმცა დავუბრუნდეთ ისევ დროით განზომილებებს. ის რესურსი, რომელსაც ახლა ვახმართ საჭიროების მქონეებს, იდენტურად საჭირო იქნება მათთვის, ვისაც იგი სამომავლოდ დასჭირდება. თუ ადამიანთა სიცოცხლე, მათი კეთილდღეობა თანაბარმნიშვნელოვანია და სამომავლოდაც საჭირო იქნება ღარიბთათვის დახმარების გაწევა, მაშინ გამართლებული იქნება თუ არა, სამომავლო პერსპექტივით, უარი ვთქვათ ამჟამად საჭიროების მქონეთა დახმარებაზე.
აღნიშნულ დებულებას რამდენიმე პრობლემა აქვს, თუმცა ყველაზე მეტად დიდი მინუსი განსაზღვრადობის შეუძლებლობაა. სამომავლო საჭიროებები აბსტრაქტულია, რამდენადაც მისი აბსოლუტური სიზუსტით განჭვრეტა შეუძლებელია.
Შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მსჯელობა რომ შევაჯამოთ, ამგვარი პრობლემის გადაჭრის სპეციფიკა, კონსეკვენციალიზმზე დაყრდნობით, იქნება არსებული მონაცემებისა და შესაძლო შედეგების კალკულაცია, მოსალოდნელი სარგებლისა და ზიანის აწონვა და შემდგომ არსებული გზებიდან ყველაზე მეტად ოპტიმალურის არჩევა.