2020წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21.3% იმყოფებოდა. ეს მაჩვენებელი გვეუბნება, რომ მთლიანი მოსახლეობის მეხუთედზე მეტს არათუ კომფორტულად ცხოვრების საშუალებები, არამედ არსებობის ყველაზე მინიმალური სახსრებიც კი არ აქვს. ამ ადამიანების ცხოვრების დონე შემაშფოთებლად დაბალია, რადგან მათი ყოველდღიურობა მუდმივ გადარჩენისთვის ბრძოლას გულისხმობს. Რაც მთავარია, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არაა, არც კომფორტული ცხოვრებით არ ცხოვრობს. ქვეყანაში ამჟამინდელი მონაცემებით 291.900 უმუშევარია და მომუშავეთა ნაწილიც, ხელფასის რაოდენობიდან გამომდინარე, შესამჩნევად უკეთეს სიტუაციაში არაა. თუ გავითვალისწინებთ ლარის კურსის დაცემას, პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდასა და ქვეყნის სხვა შიდა პრობლემებს, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის თავის გატანა ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება.
Როდესაც სიღარიბეზე ვმსჯელობთ, ყოველთვის ჩნდება კითხვა – რამდენადაა მთლიანი საზოგადოება (რომლის ნაწილისთვისაც სიღარიბე საერთოდაც არ წარმოადგენს პირად პრობლემას) ღარიბ მოსახლეობასთან ვალდებული? Და თუ არის ვალდებული, მაშინ რაში და როგორ გამოიხატება ეს ვალდებულება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავისთავად მიგვიყვანს სიღარიბის პრობლემის გადაჭრის მეთოდთან. Დღეს შევეცდებით, ამ კითხვებს ეთიკური თეორიის, კონსეკვენციალიზმის კუთხით ვუპასუხოთ.
Კონსეკვენციალიზმი არის თეორია, რომლის მიხედვითაც ქმედების ავკარგიანობა მთლიანად მისი შედეგებით განისაზღვრება. Კონსეკვენციალისტა უმრავლესობა შედეგებში დადებით, საკეთილდღეო შედეგებს გულისხმობს, მაგრამ რადგან ეს თეორია ღირებულებებისა და რწმენების ერთ კონკრეტულ სქემას არ გვაძლევს, ამრიგად, მისი მრავალი ტიპი არსებობს. Უტილიტარიზმი, როგორც კონსეკვენციალიზმის ყველაზე ცნობილი ფორმა, ფოკუსირდება შედეგის სიკარგის მაქსიმიზებაზე. Ანუ, ქმედება განისაზღვრება იმისდა მიხედვით, მოიტანს თუ არა იგი მაქსიმალურ სიკეთეს საზოგადოებაში. უტილიტარიზმისთვის მორალურად არასწორი შეიძლება იყოს ისეთი ბუნებრივი ქმედებები, როგორიც ფულის დახარჯვაა რაიმე ძვირადღირებულ ნივთში. თუ შესაძლებელია, რომ ეს ფული ღარიბ ადამიანებს მოხმარდეთ და შედეგად საერთო კეთილდღეობა გაიზარდოს, მაშინ ამ ფულის პირადი მოხმარებისთვის დახარჯვა მორალურად არასწორი ქმედება ყოფილა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უტილიტარიზმი სიღარიბის პრობლემას შემდეგნაირად უყურებს: თუ ქვეყანაში არსებობს გასანაწილებელი რესურსები და ეს რესურსები არ ნაწილდება, პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. Გამოდის, რომ უტილიტარიზმი გვიბიძგებდა ისეთი პოლიტიკური ნაბიჯებისაკენ, რომელიც სიმდიდრის უფრო თანაბრად გადანაწილებას შეუწყობდა ხელს.ეს იქნებოდა გადასახადების გაზრდა/მათი უფრო ეფექტური განაწილება და მეტი სოციალური სერვისების დანერგვა (რომელიც მოსახლეობის დასაქმების, კვების, ჯანდაცვისა თუ განათლების მიღების გარანტიას მოიცემოდა). Შეიძლება ითქვას, რომ უტილიტარიზმი მოუწოდებს ადამიანებს, დათმონ თავიანთი პირადი კეთილდღეობის მინიმუმი საერთო კეთილდღეობის ასამაღლებლად, რადგან სწორედ ეს იქნება სიკეთის მაქსიმიზება. Თანაც, ამ იდეის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ, ობიექტურად, ადამიანის მიერ გაღებული მცირე პირადი დანახარჯი არ შეიძლება სავალალო სიღარიბის პირობებში ცხოვრების პრობლემას შეედაროს. Პიტერ სინგერის, უტილიტარიზმის მიმდევარი ფილოსოფოსის თქმით, სიღარიბის დაძლევისთვის ჩვენი შემოსავლების 1%-ის გადადება არა ოპტიმალური, არამედ მინიმალური ქმედებაა.
Აუცილებელია გავიაზროთ, რომ კონსეკვენციალიზმი და კონკრეტულად უტილიტარიზმიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სწორხაზოვანი, ჩამოყალიბებული პრინციპით არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს. Მაგალითად, კონსეკვენციალიზმის ერთ-ერთი ფორმის, ეთიკური ეგოიზმის თანახმად, მორალურად გამართლებულია ის ქმედებები, რომლებიც დადებით შედეგს კონკრეტულ ინდივიდს მოუტანს. Რეალურად, აქაც შედეგზე მახვილდება ყურადღება, უბრალოდ, ეგოიზმის შემთხვევაში, დადებითი შედეგი პირველ რიგში ქმედების ჩამდენისთვის უნდა დგებოდეს. Ბუნებრივია, რომ კონსეკვენციალისზმის ეს მიმართულება სიღარიბის აღმოფხვრას ისეთივე მეთოდებით არ შეეცდებოდა, როგორც უტილიტარიზმი. Მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეთიკური ეგოიზმი კონსეკვენციალიზმის არც ისე პოპულარული ქვესახეობაა.
Საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც სიღარიბის პრობლემაა კომპლექსური, ასეთივე კომპლექსურია თავად კონსეკვენციალიზმი. Თუ ამ ეთიკურ თეორიას განვიხილავთ საერთო კეთილდღეობის გაზრდის ჭრილში, შეგვიძლია ის სიღარიბის პრობლემის აღმოფხვრის ეფექტურ საშუალებად განვიხილოთ.