მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო აქტიური ბრძოლა რასობრივი სეგრეგაციის აღმოსაფხვრელად. იქმნებოდა ორგანიზაციები და შავკანიანები ცდილობდნენ თანასწორობის მიღწევას (Patterson James T, 2001). სწორედ ამ თემას შეეხება დავა ბრაუნსა და განათლების საბჭოს შორის, რომელიც განიხილეს 1954 წელს აშშ-ში. საკითხი სწორედ სკოლების რასის მიხედვით დაყოფას ეხება (Russo Charles J., 1994), , რადგან შავკანიან მოსწავლეებს არ შეეძლოთ, განათლების მიღება თეთრკანიანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (Bell Derrick A. 1980), . იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად არღვევდა აღნიშნული ქმედება აშშ-ის მეთოთხმეტე შესწორებას, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქე უნდა იღებდეს სახელმწიფოს მხრიდან თანაბარ მფარველობას (Russo Charles J., 1994). უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საგანმანათლებლო სივრცეში არ იყო მოზარდების რასობრივი ნიშნით დანაწევრების ადგილი (Feagin Joe R.,2004) .
მოცემული საქმე შეიძლება განიხილებოდეს ორგვარად. ერთი მხრივ, მხედველობაში უნდა მივიღოთ „განცალკევებულის, მაგრამ თანასწორის“ დოქტრინა, რომელიც აქტუალური გახდა 1895 წელს განხილული „პლესი-ფერგუსონის“ საქმის შემდგომ. ეს გულისხმობს იმას, რომ, მიუხედავად რასობრივად დაყოფილი დაწესებულებებისა, სკოლებში (ფორმალურად) არის ბავშვებისადმი თანაბარი მოპყრობა და აღჭურვილობა. ერთი შეხედვით, არ ირღვევა მეთოთხმეტე შესწორება, რადგან ბავშვებს ცალკეულ სკოლებში აქვთ თანაბარი განათლების მიღების შესაძლებლობა (Groves Harry E, 1940-1956) . მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა სკოლებს შიგნით გარკვეულწილად მსგავსია, არ არსებობს იმის თავისუფლება, რომ ოჯახმა თავად აარჩიოს სასურველი სკოლა, რაც აშკარად კონსტიტუციური შესწორებიდან გადაცდომაა (U.S. Reports: Brown v. Board of Education, 347 U.S. 483, 1954). გარდა ამისა, თავად სასამართლოზე აღინიშნა კლარკის, მირდალის და სხვა სოციოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. ამით ხაზი გაუსვეს იმას, რომ სეგრეგაცია მოზარდებში იწვევს არასრულფასოვნების შეგრძნების გამძაფრებას და აზარალებს მათ ფსიქოლოგიურ სპექტრს . შესაბამისად, ეს ფაქტი შავკანიანებს უკვე უმცირესობაში აქცევდა, რაც შეუძლებელია, მივიჩნიოთ თანასწორობად (Wong Kenneth K. & Nicotera Anna C., 2009).
საინტერესოა, აღნიშნულ დილემაზე რა წარმოდგენა ექნება ბუნებით სამართალს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თომა აკვინელის შეხედულების განხილვა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზანი და მიზეზი არსებობისა. მათ უნდა მიეცეს განხორციელების შესაძლებლობა . შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ბავშვებს ეზღუდებათ ერთმანეთთან ინტეგრაციის უფლება და მიღებული სტრესის გამო ვერ ახდენენ თავიანთი თავის რეალიზებას, მიუღებელი უნდა იყოს ბუნებითი სამართლისთვის. ამ მოძღვრებისთვის ქმედების ავკარგობა განისაზღვრება რაციონალურობის ხარისხით (Dimmock Mark, 2017). შესაბამისად, ბრაუნის პოზიცია რაციონალურია, რადგან ითხოვს თანაბარ მოპყრობასა და განათლების შესაფერის დონეს თითოეული მოზარდისთვის, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბუნებითი სამართალი მას მხარს დაუჭერდა.
ეს ეთიკური მოძღვრება უარყოფს რომელიმე ფენის ან კლასის მიერ პრივილეგიების მიღებას. ყველასთვის უნდა არსებობდეს თანასწორი და თანაბარი მოპყრობა (Wanza Karen P, 1991-92). საქმის განხილვის დროს კი მოსამართლე უორენმა განაცხადა, რომ „განცალკევებულის, მაგრამ თანაბარის“ დოქტრინა სრულებით ლახავს აღნიშნულ კონცეფციას და ირღვევა მეთოთხმეტე შესწორება (Oyez). როდესაც ხდება ადამიანების რასობრივად დაყოფა, ეს არ შეიძლება მიიჩნეოდეს რაიმე სახის თანასწორობად, თუნდაც ცალკეულად ჰქონდეთ გარკვეულწილად თანაბარი პირობები. გარდა ამისა, საქმის განხილვისას შეიმჩნეოდა, რომ სკოლებს შორის არ იყო მაინცდამაინც ერთნაირი ხარისხის სწავლება და აღჭურვილობა. შავკანიანთა სკოლებზე იხარჯებოდა იმის 45%, რაც თეთრკანიანებზე , შესაბამისად, მოზარდებს ერთმეოდათ განვითარების შანსები. როგორც მარშალმა აღნიშნა, სეგრეგაცია ისეთივე ზიანის მომტანია, როგორც უთანასწორობა (Patterson James T.,2001) , ამიტომ, შეუძლებელია ბუნებითი სამართალი არ ამართლებდეს ბრაუნის პოზიციას.
სეგრეგაცია არის ირაციონალური, რადგან გამოყოფს ადამიანებს ერთმანეთისგან თვითნებური მახასიათებლის (რასის) გამო. დაახლოებით ასეთ დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობს აკვინელი და ამბობს, რომ ყველას უნდა შეეძლოს შესაფერისი განათლებისა და სოციუმში ცხოვრების შესაძლებლობა . ვფიქრობ, ბუნებითი სამართალი ამ საქმის განხილვის შემდეგ, არა მხოლოდ საგანმანათლებლო სპექტრს გადაავლებდა თვალს, არამედ შეეცდებოდა საზოგადოდ რასობრივი დაყოფის აღმოფხვრას. როგორც არისტოტელე ამბობს, ყველაზე სანდო გამოცდილებები შედეგიდან კი არა, არამედ პროცესიდან მოდის, რომელსაც გავდივართ კონკრეტული მიზნებისთვის. ბუნებითი სამართალი პრაქტიკული მოძღვრებაა (Dimmock Mark, 2017), რომელიც შეეცდებოდა ამ ერთი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე გამოეტანა განაჩენი და არა მანამდე არსებულ დოქტრინებზე დაყრდნობით.
საბოლოოდ, შეჯამების სახით, შეიძლება კიდევ ერთხელ აღინიშნოს ის, რომ საქმე საკმაოდ დიდი მნიშვნელობის გახლდათ, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული „განცალკევებული, მაგრამ თანასწორის“ დოქტრინა. ბუნებითი სამართლის ხედვა აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვანია, რადგან სახეზეა დისკრიმინაციული, არათანასწორი მოპყრობა. ეს მოძღვრება გმობს სეგრეგაციის ასეთ გზებს.
ბიბლიოგრაფია:
1. Bell Derrick A., Jr., Brown v. Board of Education and the Interest-Convergence Dilemma (The Harvard Law Review Association, 1980);
2. Dimmock Mark, Andrew Fisher, Ethics for A-Level (Open Book Publishers, Jul 31, 2017);
3. Feagin Joe R., Barnett Bernice Mcnair, Success and Failure: How Systemic Racism Trumped the Brown v. Board of Education Decision (University of Illinois Law Review, 2004);
4. Groves Harry E., Separate but Equal–The Doctrine of Plessy v. Ferguson (Phylon, 1940-1956);
5. Patterson James T., Freehling William W., Brown V. Board of Education: A Civil Rights Milestone and Its Troubled Legacy (Oxford University Press, USA, 2001);
6. Russo Charles J., Harris III J. John and Sandidge Rosetta F., Brown v. Board of Education at 40: A Legal History of Equal Educational Opportunities in American Public Education (The Journal of Negro Education, 1994);
7. Wanza Karen P., The Three Ring Circus of Clarence Thomas: Race, Class and Gender (The Black Scholar, 1991-92);
8. Wong Kenneth K. & Nicotera Anna C., Brown v. Board of Education and the Coleman Report: Social Science Research and the Debate on Educational Equality (Peabody Journal of Education, 2009).