პოლიტიკური უფლებები, რომლებიც ხშირად პირდაპირაა კავშირში საარჩევნო უფლებებთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთგვაროვანი დეფინიცია შეიძლება არ არსებობს, დიდწილად სწორედ არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საკითხებს მოიცავს. ამასთან, თავისი არსიდან გამომდინარე, იგი შეიძლება კუმულატიურად იქნას განხილული ისეთ მომიჯნავე უფლებასთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, თანასწორობის უფლება, ან გამოხატვის თავისუფლება თუ სხვა.
ამ კუთხით კი ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობით გამოირჩევა საქმე „ჯენესი ფორტსონის წინააღმდეგ“, რომელშიც კონსტიტუციის მე-14 და პირველი შესწორებები სასარჩელო მოთხოვნაში ერთობლივად არის მითითებული (“Jenness v. Fortson”, US Supreme Court, 1971). მე-14 შესწორება არის სწორედ ის, რომელშიც ამოიკითხება, მათ შორის, პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების ის შინაარსობრივი განსაზღვრება (The Constitution of the United States, XIV Amendment), რომელიც ზემოთ უკვე იქნა ნახსენები. ამასთან, პირველი შესწორება კი ეხება, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას (The Constitution of the United States, I Amendment), რადგანაც ამ საქმის შემთხვევაში, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, აღნიშნული ორი უფლება ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
მოკლედ რომ მიმოვიხილოთ შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები, კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენდნენ უმცირესობის პარტიებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ საარჩევნო ბიულეტენზე კანდიდატურის დატანა, თუკი შეიქმნებოდა ხმის მიცემის უფლებათა მქონე პირთა 5%-ის მხარდაჭერის დამადასტურებელი პეტიცია (“Jenness v. Fortson”, US Supreme Court, 1971). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოს მიდგომა შეიცვალა, ზოგადად, მიჩნეულია, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლოს მსჯელობა პრეცედენტულია (Hon. John M. Walker, Jr., Senior Circuit Judge, United States Court of Appeals for the Second Circuit, „The Role of Precedent in the United States: How Do Precedents Lose Their Binding Effect?“), რაც გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი პრობლემის თვალსაზრისით მსგავსი საქმის განხილვისას სწორედ წინარე, პრეცედენტ საქმეში დადგენილი სტანდარტი გამოიყენება შესადარებლად. შესაბამისად, ამერიკის უზენაესი სასამართლო ჯენესის შემთხვევაშიც უკვე არსებულ საქმეებს იმოწმებს, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ადარებს იმას, თუ როგორია სამართლებრივად რელევანტური საკითხის (ერთგვარი საარჩევნო ბარიერის დაწესების) მოწესრიგება ამერიკის სხვადასხვა შტატში (“Jenness v. Fortson (1971)”, THE FIRST AMENDMENT ENCYCLOPEDIA). სწორედ ამ განსხვავებების გამოკვეთის საფუძველზე ადგენს იგი, რომ ჯენესის საქმეში დარღვევა არ უნდა დადგინდეს (“Jenness v. Fortson”, US Supreme Court, 1971).
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე საკმაოდ კომპლექსურია, სასამართლოს მსჯელობა კი ძირითადად შედარებით-სამართლებრივი ანალიზის კუთხით იქნა განვითარებული, საინტერესოა, როგორ უყურებს და აფასებს აღნიშნულ საკითხს ისეთი ეთიკური თეორია, როგორიცაა ბუნებითი სამართალი.
ბუნებითი სამართლისათვის ამოსავალ წერტილს, ერთგვარ საფუძველს, რომელსაც ემყარება მსჯელობათა შემდგომი ჯაჭვი, წარმოადგენს ის, რომ ქმედება, იმისათვის, რომ იგი მისაღებად იქნას მიჩნეული, უნდა ემსახურებოდეს „სიკეთის“ იდეის მიყოლას (Dimmock, Mark and Andrew Fisher. Ethics for A level; Aristotelian Virtue Ethics; Aquinas’s Natural Law Theory, 2017, 67). ამასთან, გასათვალისწინებელია ის ძირითადი და საბაზისო პრინციპებიც, რომლებიც ამ ეთიკურ თეორიას უდევს საფუძვლად და, მათ შორის, არის მწყობრი, ჰარმონიული სოციუმის შექმნა (Religion and Ethics Course Companion for AS and A Level Edexcel Religious Studies, 2016, 47). შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების თავისუფლება იმგვარი ფორმით, რომ სხვებთან მიმართებით არათანასწორი პირობებით არ „სარგებლობდნენ“ უმცირესობის პარტიები, თვითონ, ცალკე აღებული ქმედების თვალსაზრისით, არის სწორედ ის „სიკეთე“, რომელსაც მიიჩნევს ბუნებითი სამართალი რაციონალად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-ფაქტუმ, არჩევის შემთხვევაში, ამ კანდიდატის მიერ განხორციელებული პოლიტიკა როგორი იქნებოდა, უშუალოდ ამის რეალობად ქცევამდე ზუსტად არავინ იცის, საგულისხმოა, რომ თვითონ ის მიზანი, რომელიც ამ პირს ამოძრავებდა, სწორედ ზემოთაღნიშნული პრინციპის, ჰარმონიული და მწყობრი სოციუმის იდეის რეალიზების საშუალებას წარმოადგენს.
რომ შევაჯამოთ ყოველივე, უნდა ითქვას, რომ გამომდინარე იქიდან, თუ რა არის ბუნებითი სამართლისათვის, როგორც ეთიკური თეორიისათვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ამა თუ იმ საკითხის შეფასების დროს და როგორი პერსპექტივით უყურებს იგი ჩვენ მიერ განხილულ საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის უზენაეს სასამართლოს რომ სამართლებრივი მსჯელობა ბუნებითი სამართლის პრინციპებზე აეგო, საპირისპირო გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი, ანუ საქმეში „ჯენესი ფორტსონის წინააღმდეგ“ დაადგენდა კონსტიტუციურ ნორმათა დარღვევას.
ბიბლიოგრაფია:
1. Dimmock, Mark, and Andrew Fisher. “Aquinas’s Natural Law Theory.” In Ethics for A-Level, 1st ed., 65–77. Open Book Publishers, 2017. http://www.jstor.org/stable/j.ctt1wc7r6j.8.
2. Hon. John M. Walker, Jr., Senior Circuit Judge, United States Court of Appeals for the Second Circuit, „The Role of Precedent in the United States: How Do Precedents Lose Their Binding Effect?“. https://cgc.law.stanford.edu/commentaries/15-john-walker/
3. “Jenness v. Fortson.” Oyez. www.oyez.org/cases/1970/5714.
4. “Jenness v. Fortson (1971)”, THE FIRST AMENDMENT ENCYCLOPEDIA. https://www.mtsu.edu/first-amendment/article/144/jenness-v-fortson
5. Religion and Ethics Course Companion for AS and A Level Edexcel Religious Studies, ZigZag Education, 2016. https://www.stjosephstrentvale.com/wp-content/uploads/2018/07/Philospohy-Natural-Law-Zig-Zag.pdf
6. The Constitution of the United States. https://constitutioncenter.org/media/files/constitution.pdf