რო ვეიდის წინააღმდეგ – კონსეკვენციალისტური ხედვა

5
(2)

აშშ-ში 1973 წელს განიხილეს საქმე რო ვეიდის წინააღმდეგ, რომელიც თავისი კომპლექსურობის გამო დღემდე მწვავე დებატის საგანია . როს შეეზღუდა აბორტის უფლება, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი აქტი მიიჩნეოდა არაკონსტიტუციურად. ამის მიზეზად მთავრობა ასახელებდა თავად დედის უსაფრთხოებასა და ადამიანის პოტენციური სიცოცხლის დაცვის აუცილებლობას (Ginsburg Ruth Bader, 1984-85). მიუხედავად ამისა, მეორე მხარეს დგას მეთოთხმეტე შესწორება, რომელიც ზღუდავს მთავრობას, ჩაერიოს ინდივიდის პირად გადაწყვეტილებებში (Cramer Clayton, 2009-2010). სასამართლომ გაითვალისწინა ადამიანის პირადი თავისუფლების კონცეფცია და დაუშვა სამ თვემდე ფეხმძიმე ქალებისთვის აბორტის შესაძლებლობა (Hansen Susan, 1980).

საკითხის განხილვა შეიძლება ორგვარად. ერთი მხრივ, კონსტიტუციურად ფუნქციონირებადი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე (Starck Christian, 2000). სამედიცინო კვლევების მიხედვით, ზოგჯერ აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ფიზიოლოგიური დარღვევები როგორც თავად პროცედურის განმავლობაში, ასევე სამომავლოდაც. გარდა ამისა, ის ზრდის ფსიქოლოგიური ტრავმის რისკებს (თუმცა ეს შედეგები არ დგება საგანგაშო სიხშირით) (Thorp John M. Jr. 2017). აგრეთვე, თუ ემბრიონს მივიჩნევთ პიროვნებად ან თუნდაც, პოტენციურ სიცოცხლედ, სახელმწიფოს ასევე უნდა ევალებოდეს მისი დაცვაც (Andrews B. Lori, 1986-87). მეორე მხრივ, უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მეთოთხმეტე შესწორება არ მიემართება დაუბადებელ პირებს, შესაბამისად მეტად პრიორიტეტულია თავად მშობლის გადაწყვეტილების პატივისცემა (Jost Timothy Stoltzfus, 2002). გარდა ამისა, აუცილებელია, არსებობდეს შემაკავებელი ბერკეტი, რომელიც შეზღუდავს სახელმწიფოს ინდივიდის პირად ცხოვრებაში ჩარევისგან, რადგან ამის გარეშე ირღვევა დემოკრატიული საფუძველი (Margulis Stephen T, 2003).

საინტერესოა, როგორ მიმოიხილავდა აღნიშნულ საქმეს კონსეკვენციალიზმი და რომელ ხედვას მიიჩნევდა უპირატესად. ვფიქრობ, აღნიშნული მოძღვრება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებლად გაამართლებდა როს და მიიღებდა აბორტის დაკანონების გადაწყვეტილებას. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება მიმოვიხილოთ.

კონსეკვენციალიზმის ძირითადი მიზანია სოციუმში საერთო სარგებლისა და ბედნიერების მაქსიმიზაცია. თითოეული სახის სახელმწიფოებრივი აქტი აუცილებელია მიმართული იყოს ზიანის შემცირებისკენ (Driver Julia, 2012). კვლევების მიხედვით, აბორტის აკრძალვას ბევრად დესტრუქციული შედეგები შეიძლება მოსდევდეს, ვიდრე მის ლეგალიზებას (Oberman Michelle, 2022), შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ეთიკური მოძღვრება უარყოფდა ვეიდის პოზიციას. ამის ნათელსაყოფად შესაძლებელია, გავიხსენოთ რუმინეთის წარუმატებელი კანონპროექტის მაგალითი აბორტის აკრძალვის შესახებ. გეილ კლიგმანის კვლევაში ჩანს, რომ ამან მოშალა სახელმწიფო აპარატი, რადგან გაიხსნა შავი ბაზარი და გახშირდა სიკვდილიანობა ქალებში. ორსულები ყველანაირ გზას მიმართავდნენ ნაყოფის თავიდან მოსაშორებლად (ქიმიკატები, ფიზიკური დატვირთვა, არალეგალური ოპერაციები და ა.შ) . გარდა ამისა, გახშირდა მიტოვებული ბავშვების რაოდენობა. აბორტის აკრძალვის გამო ჩნდებოდნენ არასასურველი ჩვილები, რომლებმაც, ფაქტობრივად, გადაავსეს თავშესაფრები (Ginsburg Faye D, 1995). შესაბამისად, მთავრობის პირად სივრცეში შეჭრა, გარდა იმისა, რომ არღვევს ადამიანის უფლებებს, ასევე შეიძლება ბევრად მძიმე პრობლემები გამოიწვიოს სახელმწიფოებრივ დონეზეც კი.

ასევე, კონსეკვენციალიზმი მეტად ორიენტირებულია იმაზე თუ რა შედეგს მოიტანს თითოეული ქმედება (Paul Hurley, 2009), შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს გრძელვადიანი ეფექტებიც. კვლევების მიხედვით, აბორტების მიზეზი ძირითადად ეკონომიკური გაჭირვება და ფულადი უსახსრობაა. ამის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რადგან აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 76% აბორტებისა, სწორედ გაჭირვების გამო ხდება . შესაბამისად, თუ სახელმწიფო ზრუნავს დაუბადებელ ბავშვებზე, უნდა გაითვალისწინოს ისიც, როგორ კონდიციაში მოუწევთ მათ სამომავლოდ ცხოვრება. ეს დამატებით დაბრკოლებებს წარმოშობს, რადგან არასათანადო პირობებმა შესაძლებელია, შესამჩნევად შეზღუდოს მათი შესაძლებლობები და მეტიც, საგრძნობლად დააზიანოს როგორც მათი ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა (Oberman Michelle, 2022).

მიუხედავად ზემოთ განვითარებული მსჯელობისა, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ზოგადად აღნიშნული პროცედურა რისკის შემცველია, განსაკუთრებით, როდესაც ჩანასახი დიდია (Ernestina CoastSusan F, 2016). შესაბამისად, ვფიქრობ, კონსეკვენციალიზმის მხრიდან ირაციონალური იქნება აბორტის სრული ლეგალიზება. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი მიიღებდა ისეთივე ზომებს, როგორიც მიიღო თავად უზენაესმა სასამართლომ და პროცედურის ჩატარებას შეზღუდავდა თუნდაც 3 თვის შემდეგ სტადიებზე.

აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების კიდევ ერთი გზა არის სექსუალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას თან ახლავს დადებითი შედეგები, რადგან ადამიანები მეტად ფიქრობენ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების გზებზე (Dawson Deborah Anne, 1986). კონსეკვენციალიზმი მუდმივად ფიქრობს ახალი ალტერნატივების მოძიებაზე, შესაბამისად, არ შეუშინდება თუნდაც დროში გაწელილ გეგმებს (Driver Julia, 2012) და, ვფიქრობ, აბსოლუტურად ობიექტურად მიიჩნევს მსგავსი პროექტების დანერგვას სხვადასხვა სექტორში.

საბოლოოდ, შეჯამების სახით შეიძლება კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ კონსეკვენციალიზმი აუცილებლად დაუჭერდა მხარს როს პოზიციას და გვერდს აუვლიდა შემზღუდველი კანონების შემოღებას აბორტის საკითხზე. მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ადამიანის პირადი გადაწყვეტილებების სივრცე და გათვალისწინებულ იქნას სამომავლო შედეგები.

ბიბლიოგრაფია:
1. Andrews B. Lori, The Legal Status of the Embryo (Loyola Law Review, 1986-87);
2. Cramer Clayton, Johnson Nicholas, Mocsary George, This Right Is Not Allowed by Governments That are Afraid of the People: The Public Meaning of the Second Amendment When the Fourteenth Amendment Was Ratified (George Mason Law Review, 2009-2010);
3. Dawson Deborah Anne, The Effects of Sex Education on Adolescent Behavior (Guttmacher Institute, 1986);
4. Driver Julia, CONSEQUENTIALISM (Routledge, 2012);
5. Ernestina CoastSusan F. Murray, “These things are dangerous”: Understanding induced abortion trajectories (Social Science & Medicine, 2016);
6. Ginsburg Ruth Bader, Some Thoughts on Autonomy and Equality in Relation to Roe v. Wade (The North Carolina Law Review | Vol 63, 1984-85);
7. Hansen Susan B. State Implementation of Supreme Court Decisions: Abortion Rates Since Roe v. Wade (The Journal of Politics Volume 42, Number 2, May, 1980);
8. Jost Timothy Stoltzfus, Rights of Embryo and Foetus in Private Law (The American Journal of Comparative Law, 2002);
9. Margulis Stephen T., Privacy as a Social Issue and Behavioral Concept (Grand Valley State University, Journal of Social Issues, 2003);
10. Oberman Michelle, What will and won’t happen when abortion is banned (Santa Clara University School of Law, Santa Clara, CA, USA, 2022);
11. Paul Hurley, Beyond Consequentialism (Oxford University Press, 2009);
12. Starck Christian, STATE DUTIES OF PROTECTION AND FUNDAMENTAL RIGHTS (University of Göttingen, 2000);
13. Thorp John M. Jr., Hartmann Katherine E. & Shadigan Elizabeth, Long-Term Physical and Psychological Health Consequences of Induced Abortion: A Review of the Evidence (The Linacre Quarterly, 2017, jun 1).

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსების "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ან "პოლიტიკური იდეოლოგიები" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.

რამდენად მოგეწონათ სტატია?

საშუალო რეიტინგი 5 / 5. შეფასდა 2

%d bloggers like this: