მართლმსაჯულება და დეონტოლოგია

5
(1)

 კანონის წინაშე თანასწორობის იდეა მართლმსაჯულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და საკანონმდებლო სისტემის მუშაობის საფუძველია. პროცედურული სამართალი/მართლმსაჯულება არის საშუალება იმისთვის, რომ მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობის და სამართლიანობის განცდა სასამართლო პროცესის მიმართ, რადგან ადამიანებისთვის თავად პროცესის სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შედეგი. აშშ-ის კონსტიტუციაში არსებობს მეოთხე შესწორება, რომლის მიხედვითაც არავის აქვს უფლება შეიჭრას ადამიანის სახლში და უსაფუძვლოდ გაჩხრიკოს ან დააკავოს. ამისთვის საჭიროა წერილობითი ნებართვა, ორდერი, სასამართლოსგან (U.S. Const. amend. IV). ეს მუხლი იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან უდანაშაულოები ან მათი დანაშაულის გამოსავლენად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება (A. H. Loewy, 1983). მეოთხე შესწორების მიხედვით, დამნაშავე ადამიანი შემთხვევითი ბენეფიციარი გამოდის წესისა, რომელიც შემუშავებულია უდანაშაულო ადამიანის დასაცავად (A. H. Loewy, 1983).

  ერთ-ერთი საქმე აშშ-ის იურისდიქციაში, რომელიც ამ საკითხს ეხება, არის ბრაუნი ილინოისის შტატის წინააღმდეგ (Brown v. Illinois, 422 US 590 (1975)). 1968 წელს სასამართლო იძიებდა როჯერ კორპუსის მკვლელობას, ერთ-ერთი სახელი ამ საქმეში იყო რიჩარდ ბრაუნი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, როგორც გარდაცვლილის ნაცნობი, თუმცა არა ეჭვმიტანილი საქმეში. მიუხედავად ამისა, დეტექტივებმა ბრაუნი დააკავეს და მისი სახლი გაჩხრიკეს საფუძვლისა და ჩხრეკის ორდერის გარეშე (თუმცა დაკითხვამდე გააცნეს თავისი უფლებები). დაკითხვისას ბრაუნმა რამდენჯერმე აღიარა დანაშაული. სასამართლო პროცესამდე, ბრალდებულმა მიმართა სასამართლოს თხოვნით (motion to supress) რომ კონკრეტული მტკიცებულება (ორი განცხადება, რომლებიც პოლიციელებმა მისი დაკავებისას და დაკითხვისას მიიღეს მისგან დანაშაულის შესახებ) არ ყოფილიყო გამოყენებული სასამართლო პროცესში, ვინაიდან მისი დაკავება იყო არაკანონიერი და ეს განცხადებები (დანაშაულის აღიარება) მათ მიიღეს მისი მეოთხე და მეხუთე შესწორებებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევით. სასამართლომ ეს თხოვნა უარყო და გამოძიების შედეგად ბრაუნი დამნაშავედ ცნო (Brown v. Illinois, 422 US 590 (1975)). 

მთავარი პრობლემა, რომელიც აქ იდგა იყო შემდეგი: უნდა ჩაითვალოს თუ არა დასაშვებ მტკიცებულებად დანაშაულის აღიარების განცხადება, რომელიც არაკანონიერი დაპატიმრების შედეგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა საკუთარი უფლებების შესახებ?

  ილინოისის შტატის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა საკუთარი უფლებები და მის მიერ დანაშაულის აღიარება იყო ნებაყოფლობითი, როგორც ამას მეხუთე შესწორება მოითხოვს, ის მაინც იყო შედეგი არაკანონიერი დაკავებისა, რაც იყო მეოთხე შესწორების დარღვევა და, შესაბამისად, ეს განცხადება არ იყო დასაშვები მტკიცებულება.

  როგორი გადაჭრა ექნებოდა ამ საკითხს დეონტოლოგიური დოქტრინის ფარგლებში? კანტის მიხედვით, ქმედების მორალურობა განისაზღვრება არა შედეგით, არამედ მორალური წესით, კატეგორიული იმპერატივით. ეს არის კანონი, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ ნებისმიერ შემთხვევაში და რომელსაც ვაქცევდით უნივერსალურ, ანუ ისეთ წესად, რომელსაც, ჩვენი აზრით, ყველა უნდა ემორჩილებოდეს (M. Dimmock and A. Fisher, 2017).  შესაბამისად, კატეგორიულ იმპერატივს არ უნდა ჰქონდეს გამონაკლისები. ადამიანის თავისუფალი ნებაა გააკეთოს არჩევანი გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით, ხოლო კეთილი ნებაა (good will) იმოქმედოს სწორ პრინციპებზე დაყრდნობით, ეს სწორი პრინციპია, კატეგორიული იმპერატივი, რომელიც თავისთავად არის სწორი ნებისმიერ პირობებში (T. E. Hill, JR, 2009). კანტის მიხედვით, კანონის ავტორიტეტული ინტერპრეტაცია უნდა იყოს სრული, თანმიმდევრული (consistent) და ეფექტურად გატარებული (D. Gray, 2017). თუ კონსტიტუციას ამ გაგებით შევხედავთ, მეოთხე შესწორების მიერ გარანტირებული უფლებები აბსოლუტურია. ის არა პასიური, არამედ იმპერატიულია და იცავს ადამიანებს უსაფუძვლო ჩხრეკისგან. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩხრეკა და დაკავება დაშვებულია არის სასამართლო ორდერის ქონა, რომლის გაცემასაც სჭირდება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანის სახლი გაჩხრიკონ ან ის დააკავონ. შესაბამისად, კანონში ზუსტად არის გაწერილი გამონაკლისიც, რომელიც მოცემული შემთხვევისას არ შესრულდა. 

  საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ ის ხერხი, რომლის გამოყენებითაც პოლიციამ დააკავა ბრალდებული, იყო არალეგალური და არღვევდა კანონს. მის შედეგად მოპოვებული დანაშაულის აღიარებაც, დეონტოლოგიური დოქტრინის მიხედვით, არ უნდა იყოს დასაშვები, როგორც მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადების გამოყენებას მოჰყვებოდა დამნაშავის დასჯა. კატეგორიული იმპერატივი უნდა სრულდებოდეს, მიუხედავად კონკრეტული გარემოებებისა და ქმედების მიერ გამოწვეული შედეგებისა.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. Brown v. Illinois, 422 US 590 (1975)
  2. “Brown v. Illinois.” Oyez. Accessed May 25, 2022. https://www.oyez.org/cases/1974/73-6650.
  3. Dimmock, Mark, and Andrew Fisher. “Kantian Ethics.” In Ethics for A-Level, 34–35. Open Book Publishers, 2017.
  4. Gray, David. “The Fourth Amendment Categorical Imperative.” Michigan Law Review Online 116, no. 2 (2017): 14–37. 
  5. Hill, JR, Thomas E., ed. The Blackwell Guide to Kant’s Ethics, 3-4, 196, Blackwell Publishing Ltd,  2009.
  6. Loewy, Arnold H. “The Fourth Amendment as a Device for Protecting the Innocent.” Michigan Law Review 81, no. 5 (April 1983): 1229. https://doi.org/10.2307/1288524.
  7. U.S. Const. amend. IV

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსების "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ან "პოლიტიკური იდეოლოგიები" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.

რამდენად მოგეწონათ სტატია?

საშუალო რეიტინგი 5 / 5. შეფასდა 1

%d bloggers like this: