პირველი ლუთერანულ-ანგლიკანური ეკლესია ლოს-ანჯელესის წინააღმდეგ

5
(3)

1979 წელს განიხილეს საქმე „პირველი ლუთერანულ-ანგლიკანური ეკლესია ლოს-ანჯელესის წინააღმდეგ“, რომელმაც წარმოშვა ერთგვარი დილემა სახელმწიფოში. წყალდიდობით დაზიანებული ეკლესიის არეალს შეეხო მარეგულირებელი კანონი, რომლითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრძალებოდა ნებისმიერი სახის რეკონსტრუქცია (U.S. Supreme Court, 482 U.S. 304 (1987), 1). სწორედ ამან წარმოშვა დავა საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ. უნდა გამოირკვეს, რამდენად აქვს ზემდგომ ინსტანციას, თუნდაც დროებითი მარეგულირებელი კანონის ფარგლებში, მიითვისოს პირის ქონება.

მოცემული საკითხი შეიძლება, დავინახოთ ორგვარად. ერთი მხრივ, ადამიანის პირად საკუთრებაში ჩარევა და მისი, თუნდაც, დროებითი გასხვისება დაუშვებელია, რადგან თუნდაც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების პრაქტიკამ გვაჩვენა, რამდენად დამანგრეველი და არაეფექტურია მსგავსი ქმედება (Clark C. Gibson, 2000). საკუთრება ისტორიულადვე ინდივიდთა კანონიკური უფლებაა (R.Cruft, 2019), რომლის არსებობის აუცილებლობაზედაც რამდენიმე ათწლეულია თანხმდებიან ეკონომისტები (G.P. O’Driscoll Jr. and L.Hoskins, 2003). მისი შელახვა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ დონეზეა გაუმართლებელი, ასევე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა (H.Demsetz, 1974). მეორე მხრივ, აშშ-ს კონსტიტუციის მეხუთე შესწორება გვკარნახობს, რომ ასეთი ქმედება დასაშვებია, რადგან თავიდან ავიცილოთ დამატებითი ზარალი, ე.წ. ორმაგი საფრთხე (D. S. Rudstein, 2005-2006). ასეთი რამ გამოიყენეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის დროს, როდესაც აღნიშნული ზონა სრულად მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი მიიჩნეოდა საფრთხის პრევენციის ეფექტურ გზად, რომელსაც „პატრიოტული აქტიც“ უწოდეს (K.Maiorova, 2004).

ცხადია, აღნიშნულ საკითხზე გადაჭრით პასუხის მიღება რთულია, შესაბამისად, საინტერესოა, როგორ ზომებს მიიღებდა ეთიკური მოძღვრებები. პლატონი ამბობს, რომ სამართლიანობა არის სხვის საქმეში ჩაურევლობაა, რომლითაც შემდგომში მიიღწევა ჰარმონია (პლატონი, “სახელმწიფო”). შეიძლება მისი ეს იდეა მივუსადაგოთ საკუთრების უფლებასაც. როდესაც ძალმომრეობით მცირედად მაინც ერევიან ადამიანის საკუთრებაში, ეს იწვევს საზოგადო უსამართლობას, რაც, ცხადია, დამანგრეველია სახელმწიფოსთვისაც. ბუნებითი სამართალი ამას განსაზღვრავს, როგორც უფლებას, რომელიც შეზღუდულია მხოლოდ სხვათა უფლებებით (D. S. Oderberg, 2012). ხოლო ლოკის აზრით ეს უკანასკნელი არის ბუნებითი უფლება, რომელსაც თუ ვერ იცავს მთავრობა სიცოცხლესა და თავისუფლებასთან ერთად, მაშინ სოციუმს შეუძლია ხელისუფლების დამხობა (J.Locke, Two Treatises of Government). შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აღნიშნული მოძღვრება გაამართლებდა მომჩივანის პოზიციას და ზემდგომ ინსტანციებს დააკისრებდა შესაბამის კომპენსაციას, მიუხედავად კანონის არაპერმანენტული ხასიათისა.

გამომდინარე იქიდან, რომ კონსეკვენციალიზმი ორიენტირებულია არა პროცესზე, არამედ შედეგზე (P.Hurley, 2009), ვფიქრობ, რომ ბუნებითი სამართლისგან განსხვავებულ პერსპექტივას შეიმუშავებდა. კონსეკვენციალიზმისთვის საკუთრების უფლების რღვევა შესაძლებელია გამართლებულ იქნას სხვადასხვა კონდიციიდან გამომდინარე, როდესაც მეორე მხარეს გვაქვს ზოგადად სოციუმის სარგებლიანობის საკითხი (E.Colombatto and V. Tavormina, 2017). თვითონ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება მეტად უპრიანი ყოფილიყო საკუთრების დროებით სახელმწიფოსთვის მიბარება, რადგან ასე მოკლე დროში დადგებოდა სასურველი შედეგი. ანუ, მთავრობა საკუთარი რესურსებით მალე შეძლებდა ამ ადგილის რეკონსტრუქციას. გარდა ამისა, დროებითი მარეგულირებელი კანონით არ შეიძლება ველოდოთ რადიკალურად მწვავე შედეგებს მორალური კუთხით. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ დადგენილებას ექნებოდა პერმამენტული ხასიათი, ანუ მაშინ, როდესაც საქმე გვექნებოდა ფიზიკურ (და არა მარეგულირებელ) ფლობასთან მთავრობის მხრიდან. მაგალითად, თუ საკუთრებაში მყოფ დაზიანებულ შენობებს მთავრობა საზოგადო კეთილდღეობისთვის გამოიყენებდა და მის ნაცვლად გზას დააგებდა, ეს იქნებოდა საკუთრების ფიზიკურად ფლობის შემთხვევა (U.S. Supreme Court, 482 U.S. 304, 1987, 26). შესაბამისად, რადგან, საკუთრების შელახვის რისკები დაბალია, ვფიქრობ, კონსეკვენციალიზმისთვის რაიმე სახის რეაგირება არ იქნებოდა გამოსავალი. შეიძლება დაეკისრებინა კომპენსაცია იმ მიზნით, რომ მტკიცედ გამიჯნული დარჩენილიყო მარეგულირებელი და ფიზიკური ფლობის ცნებები.

აღნიშნული საკითხისადმი საინტერესო ხედვა აქვს დეონტოლოგიურ მოძღვრებასაც. რადგან დეონტოლოგიისთვის უპირატესია პროცესი და არა შედეგი (M.Dimmock, A.Fisher, 2017), ამიტომ, ვფიქრობ, კონსეკვენციალიზმისგან განსხვავებულ მიდგომას შეიმუშავებს. „დეონ“ ნიშნავს მოვალეობას, რომელიც, ფაქტობრივად, განსაზღვრავს ამ მოძღვრებას . ადამიანის საკუთრება მისივე მოვალეობაც არის, შესაბამისად, მორალური იქნება რეკონსტრუქციის საკითხების მისთვის გადაბარებაც, რადგან პირი პასუხისმგებელი უნდა იყოს თავისივე საკუთრებაში მყოფ ქონებაზე. ჯონ რაულსი ამბობს, რომ კანონი უნდა აზოგადებდეს, დიდ მასშტაბებზე ზრდიდეს სარგებელს (A.Hudson, 2013). შესაბამისად, საჭიროა მოცემული პრობლემის ფართო სპექტრით აღქმა. დეონოტოლოგია ორიენტირებული იქნებოდა საკუთრების უფლებაში ჩარევის უარყოფით მხარეზე, რადგან ეს მეტად მასშტაბური და მორალური ხასიათის საკითხია, ვიდრე მთავრობის პატრონაჟი მარეგულირებელი კანონით. შესაბამისად, ვფიქრობ, დეონტოლოგიას ისეთივე რეაგირება ექნებოდა, როგორც ბუნებით სამართალს, რადგან აქ მთავარია თავად ქმედების პროცესი იყოს მორალთან დაკავშირებული.

ლუთერანულ-ანგლიკანური ეკლესიისა და ლოს-ანჯელესის საქმის განხილვისას წარმოშობილ დილემას სხვადასხვაგვარად წყვეტს თითოეული ეთიკური მოძღვრება. ვფიქრობ, რომ მათგან ყველაზე ადეკვატურ პასუხს იძლევა ბუნებითი სამართალი, რომელიც არ უშვებს გამონაკლისს პირადი საკუთრების შელახვის ფარგლებში. ვფიქრობ, მთავრობის ისეთი პატრონაჟი, რომელიც შებღალავს საკუთრებას, მიუღებელია.

ბიბლიოგრაფია:
1. პლატონი, სახელმწიფო (გამომცემლობა „ნეკერი“, 2003);
2. Colombatto Enrico and Tavormina Valerio, The Origins of Private Property (IEL PAPER IN COMPARATIVE ANALYSIS OF INSTITUTIONS, ECONOMICS AND LAW NO. 24, June 2017) http://polis.unipmn.it/pubbl/RePEc/uca/ucaiel/iel024.pdf (ნახვის თარიღი: 04/27/2022) ;
3. Demsetz Harold, Toward a Theory of Property Rights (Classic Papers in Natural Resource Economics, 1974);
4. Dimmock Mark, Fisher Andrew, Ethics for A level (Cambridge, UK: Open Book Publishers, 2017);
5. Gibson Clark C., McKean Margaret A, Ostrom Elinor, People and Forests: Communities, Institutions, and Governance (MIT Press, 2000);
6. Hudson Alistair, New Perspectives on Property Law: Obligations and Restitution (Routledge, Mar 4, 2013);
7. Hurley Paul, Beyond Consequentialism (Oxford University Press, 2009);
8. Locke John, Two Treatises of Government;
9. Maiorova Ksusha, A Constitution Analysis of the Fourth, Fifth, First, Amendment Implications of the USA Patriot Act, (University of Tennessee, Knoxville, 2004);
10. Oderberg David S., NATURAL LAW AND RIGHTS THEORY (Routledge Companion to Social and Political Philosophy, Ed: Gerald Gaus, Fred D’Agostino, 2012);
11. O’Driscoll Gerald P. Jr. and Hoskins Lee, Property Rights The Key to Economic Development (August 7, 2003, No. 482), https://www.cato.org/sites/cato.org/files/pubs/pdf/pa482.pdf (ნახვის თარიღი: 04/27/2022);
12. Rowan Cruft, Human Rights, Ownership, and the Individual (Oxford University Press, 2019 – Philosophy);
13. Rudstein David S., A Brief History of the Fifth Amendment Guarantee against Double Jeopardy (14 Wm. & Mary Bill Rts. J 2005-2006);

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსების "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ან "პოლიტიკური იდეოლოგიები" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.

რამდენად მოგეწონათ სტატია?

საშუალო რეიტინგი 5 / 5. შეფასდა 3

%d bloggers like this: