მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ გასაჩივრებისა და თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობა. (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და ქალების წინაშე არსებული განსაკუთრებული გამოწვევების შეფასების ჩარჩო; 2016) შესაბამისად, მსოფლიო კანონმდებლობით დაცულია მართლმსაჯულების სხვადასხვა ასპექტები, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს მისი დაპატიმრების საკითხს და ბრძანებს მის გათავისუფლებას, თუ ეს დაპატიმრება უკანონოა“ , ასევე მართლმსაჯულების განუყოფელი ელემენტია საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამათლოს მიერ განხილვა, კანონის შესაბამისი სასჯელის შეფარდება, დუმილის უფლება და სხვა პროცედურული საკითხები. (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; 1950) თუმცა, სანამ თანამედროვე სახით არსებულ ფორმულირებას მივიღებდით, არსებობდა რიგი ხარვეზები მართლმსაჯულების აღსრულების მხრივ, სწორედ ამიტომ, ყურადსაღებია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი ერთ-ერთი გადაწყვეტილების განხილვა.
საქმეში მირანდა არიზონას წინააღმდეგ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენდა ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანხამადაც, პოლიციამ მიიღო დანაშაულის აღიარებითი ჩვენება ორსაათიანი დაკითხვის შემდგომ ბრალდებულისთვის განკუთვნილი უფლებების ინფორმირების გარეშე, რასაც მოჰყვა მტკიცებულებების სასამართლო პროცესზე გამოყენება. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილს, პოლიციის დაკითხვამდე, უნდა ეცნობოს მათი კონსტიტუციური უფლება ადვოკატზე და თვითდანაშაულის წინააღმდეგ დუმილის შესახებ, რასაც, ამ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია . მსგავსი ქმედება გარკვეულწილად კვალიფიცირდება სამართალდამცავ ორგანოთა მხრიდან ზეწოლად, ვინაიდან პირის დაკავების პროცედურები არის ერთგვარი ბერკეტი ინდივიდუალური თავისუფლების დასაცავად აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური ნაბიჯებისგან. დუმილის უფლება, სამართლიანი სასამართლოსა და ადვოკატის უფლება არის განუყოფელი ნაწილი სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისთვის. სწორედ მოცემული საქმის შემდგომ ჩამოყალიბდა ე.წ. Miranda Rights, Miranda Warning სტანდარტი. (Miranda v. Arizona, 384 U.S. Supreme Court 436)
იმისათვის, რათა ნათლად წარმოჩნდეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დაკავების პროცესში ინდივიდისთვის საკუთარი უფლებების ინფორმირების დატვირთვა, მნიშვნელოვნია, ეთიკური თეორიების მოშველიება. ამ შემთხვევაში, წინამდებარე მსჯელობა დაეთმობა დეონტოლოგიური ეთიკური თეორიის პერსპექტივიდან ზემოხსენებული საკითხების განხილვას. ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს რაციონალური აგენტის ცნება, რომელიც გამომდინარეობს კანტის კატეგორიული იმპერატივებიდან. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მისდიოს რაციონალური ,,მე“-ს ხმას, მას, რისიც საღად აზროვნების დროს რეალურად გვჯერა. (Paton H.J.; 1946) მოცემულ შემთხვევაში კი ყველანაირ რაციონალურობასაა მოკლებული საკუთარი თავის დადანაშაულება და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის ხელშეწყობა. პირი უნდა იყოს ინფორმირებული და მიეცეს საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება გაცნობიერებულმა, მისცეს თუ არა ჩვენება მაშინ, როდესაც არჩევანი აქვს. სწორედ, ზემოჩამოთვლილი უფლებების გაცნობის შემდეგ, პირის შეუძლია შეგნებულად გააკეთოს არჩევანი, მათ გარეშე კი ეზღუდება რაციონალურობის კრიტერიუმი.
დაკითხვის პროცესში კითხვებზე პასუხის გაცემის შეწყვეტა და ადვოკატის მოთხოვნის უფლებაც წარმოადგენს რაციონალურობის გამოვლინებას, როდესაც თავად არ შეუძლია პირს საკუთარი თავის დაცვა. ამ უფლების შეზღუდვა და დაკითხვის გაგრძელების იძულება კი მიმართულია მხოლოდ პირის საშუალებად გამოყენებისკენ, რათა დანაშაული იქნას აღმოფხვრილი, მიუხედავად მისი ღირებულებების გათვალისწინებისა, რაც ეწინააღმდეგება კანტის მორალურ კატეგორიულ იმპერატივს, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია, ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება, ვინაიდან ის ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს მიზანს. (Dimmock M Fisher A.; 2017)
გარდა ამისა, კანტი გამოყოფს ორი სახის ქმედებას: მოვალეობის გამო და მოვალეობის შესაბამისად. მათ შორის განსხვავება არის მოტივაცია. მორალურად ღირებული კი მხოლოდ ისეთი ქმედებაა, რომელიც განხორციელებულია მოვალეობის გამო, მოვალეობიდან გამომდინარე, როდესაც მოქმედებას ვასრულებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა, განურჩევლად იმისა, ვარ თუ არა მიდრეკილი ამისკენ და საერთოდ გვაქვს თუ არა სურვილი. (Fossee M.J.; 2014) ის, რომ დაკავებულ პირს აუხნსა და შეატყობინო საკუთარი უფლებების შესახებ, სამართალდამცავ პირთა ვალდებულებაა, რომელიც გაწერილია თითეული შესაბამისი ორგანოს შინაგანაწესში. ამდენად, მოცემული ვალდებულების შეუსრულებლობა არის მორალურად გაუმართლებელი ქმედება საპოლიციო ძალების მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეზე მდგარ სიკეთედ შეიძლება მივიჩნიოთ პოლიციის საქმის სათანადოდ შესრულების აუცილებლობა, საკითხავია ის, თუ რამდენად შეიძლება ეს უკანასკნელი უფრო მაღლა დავაყენოთ ინდივიდუალური უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შედარებით მაშინ, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ მათზე დგას. მართლმსაჯულება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური’’ და არა მხოლოდ ,,თეორიული”. (Basic Principles and Guidelines on the Right to a Remedy and Reparation for Victims of Gross Violations of International Human Rights Law and Serious Violations of International Humanitarian Law; 2005) შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება ყველანაირი ეფექტურობა, როდესაც ინდივიდის უფლებაში უხეშ ჩარევას აქვს ადგილი.
რომ შევაჯამო, მიმაჩნია, რომ ზემოხსნებული დაკავების პროცედურების დაცვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური ნაბიჯებისგან ინდივიდუალური თავისუფლების დასაცავად . მართლმსაჯულება მოიცავს როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს, შესაბამისად, პროცედურული გარანტიები ამომავალი წერტილია მართლმსაჯულების განხორციელებასა და რეალობად გარდაქმნისთვის. ამდენად, ვთვლი, ბრალდებული დაკითხვამდე უნდა გააფრთხილონ, რომ მას აქვს დუმილის უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ სასამართლოში, ასევე მიენიჭოს ადვოკატისთვის მიმართვის შესაძლებლობა. სწორედ ამის შემდეგ კი უკვე მისი შეფასების საკითხია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას. (უზენაესი სასამართლო, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებაზე უარის თქმის პრივილეგია და დუმილის უფლება, 2010)
ბიბლიოგრაფია:
1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი, მუხლი 6, ნაწილი 1, მუხლი 7 იხ. <https://www.echr.coe.int/documents/convention_kat.pdf >
2. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და ქალების წინაშე არსებული განსაკუთრებული გამოწვევების შეფასების ჩარჩო, ნიუ-იორკი,2016, 7, იხ. < https://rm.coe.int/framework-geo-a4/16809f1c21>
3. უზენაესი სასამართლო, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებაზე უარის თქმის პრივილეგია და დუმილის უფლება, 2010, 1, იხ.< https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/dumilis-ufleba.pdf >
4. Basic Principles and Guidelines on the Right to a Remedy and Reparation for Victims of Gross Violations of International Human Rights Law and Serious Violations of International Humanitarian Law, 2005, იხ.
<https://www.ohchr.org/en /professionalinterest/pages/remedyandreparation.as px>
5. Dimmock M Fisher A., Ethics for A level; Cambridge, UK, 2017, 48
6. Fossee M.J, ON ACTING FROM DUTY, Texas, 2014, 5, იხ. < http://oaktrust.library.tamu.edu/bitstream/handle/1969.1/152020/FOSSEE-DOCUMENT-2014.pdf?sequence=1 >
7. Paton H.J., The Categorical Imperative- A study in Kant’s Moral Philosophy, London, 1946, 217
8. U.S Supreme Court. 436, Miranda v. Arizona, 384, იხ. <https://tile.loc.gov/storage-services/service/ll/usrep/usrep384/usrep384436/usrep384436.pdf>