უთანასწორო მობყრობა, როგორც თანასწორობის მიღწევის აუცილებელი წინაპირობა

5
(1)

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა თანასწორობის უფლების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა. დისკრიმინაცია, როგორც პირის ან პირთა წრის გამორჩევა, იმისთვის, რომ მას მიანიჭო დამატებითი უფლებები ან შეუზღუდო ისინი, მნიშველოვნად ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას. სოციუმში მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ქმედებების განხორციელება. ხელისუფლებას, თავის მხრივ, აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის თანაბარ პირობებში მყოფ პირებს თანასწორად მოეპყრნონ, ხოლო არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს განსხვავებულად, რადგან მათ ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა უფლებებსა და თავისუფლებებზე. (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; 2014)

აშშ-ის სასამართლოში მიიღეს ერთერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება, რაც დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გამოტანილა. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო ცდილობს გამიჯნოს სასკოლო ჯანდაცვა და სამედიცინო დახმარება ერთმანეთისგან. საქმე ეხებოდა ამბერ ტატროს, რომელიც დაიბადა თანმდევი დაავადებით, რამაც საბოლოო ჯამში არაერთი ჯანმრთელობის პრობლემა წარმოქმნა. მათ შორის მას სჭირდებოდა ყოველ სამ საათში კათეტერიზაცია. მისმა მშობელმა მოითხოვა, რომ სკოლას უზრუნველყო აღნიშნული პროცედურის მიწოდება სასწავლო პროცესის განმავლობაში, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო მან აღძრა სარჩელი, რომლითაც ის სკოლას თანასწორობის უფლების დარღვევაში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო ამგვარი სამედიცინო სერვისების მიწოდება სასწავლებელში, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს შეძლებოდა განათლების მიღება თანასწორ მდგომარეობაში. სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ მიიჩნია, რომ აღნიშნული პროცედურა იყო სკოლის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, რადგან ის არ მოიცავდა უშუალოდ ქირურგიულ ჩარევას, თუმცა ამ მანიპულაციას სჭირდება სპეციალური განათლების მქონე ადამიანი, მათ შორის შესაძლოა ეს ყოფილიყო სკოლაში არსებული ექიმი. შესაბამისად, კათეტერიზაცია მიიჩნია სწავლასთან დაკავშირებულ სერვისად, რომლის გარეშეც ვერ შეძლებდა ამბერი განათლების მიღებას და გაუთანაბრა ისეთ სერვისებს, როგორებიცაა, სპეციალიზირებული ტრანსპორტი ან აღჭურვილობა, რაც სკოლებს ხელმისაწვდომს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. (Irving Independent School District v. Tatro, 1984)

საინტერესო იქნებოდა ამ საქმის განხილვა ბუნებითი სამართლის ძირითადი იდეების ჭრილიდან, რადგან ეს იქნება ის შემთხვევა, სადაც არ არსებობს გაერთიანებები, რომელიც აწესებს ქცევის წესებს (Თ. ჰობსი,  2014) და პასუხი დამოკიდებული იქნება მის ძირითად პრინციპებზე.

ბუნებითი სამართლის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს უფლებები და თავისუფლებები დაბადებიდანვე მინიჭებული აქვს ღმერთისგან, მხოლოდ იმიტომ რომ ის ადამიანად მოევლინა ქვეყანას (Ed: G. Gaus, F. D’Agostino; 2012) და მნიშველობა არ აქვს იმ ტერიტორიაზე არსებული ავტორიტეტი აღიარებს თუ არა მას. (Ed: G. Gaus, F. D’Agostino; 2012) თანამედროვე სამყაროში ამ იდეის გავლენა ძალზედ იგრძნობა, რადგან ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ძირითადი იდეა არის ის, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და თანასწორია, რაც ეფუძნება ადამიანის ბუნებითი წარმოშობის იდეას, რომლის ჩამოყალიბებაც დაკავშირებულია ჯონ ლოკის სახელთან. (Ი. ბურდული, ე. გოცირიძე და სხვები; 2013)

რაც შეეხება ბუნებითი სამართლის მიერ დანახულ ზემოთ აღნიშნულ საქმეს, საინტერესოა, რომ ის უზენაესი სასამართლოს გადაყვეტილებას გაიზიარებდა. როგორც უკვე ვახსენე, ბუნებითი სამართლიდან გამომდინარე, მნიშველოვანია, რომ ადამიანებს ღმერთისგან ბოძებული უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება თანაბრად შეეძლოთ, ამიტომ მისი მიზანი იქნება ადამიანებს შორის თანასწორობის დაცვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოცემულ შემთხვევაში, თანასწორობის უფლების დარღვევა იწვევს განათლების უფლების შეზღუდვას, ხოლო ბუნებითი სამართლისთვის განსაკუთრებით მნიშველოვანია ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ძიება, რომლის წინაპირობაც, სწორედ, განათლების მიღებაა. (A. Macintyre; 2007) გარდა ამისა, იმის თქმა, რომ აღნიშნულ საქმეს ბუნებითი სამართალი გადაწყვეტდა ისე, როგორც აშშ-ის უზენაესი სასამართლო, შეგვიძლია თომა აკვინელის და მისი ბუნებითი სამართლის თეორიით. მისი მოსაზრებით, ადამიანებს გვაქვს საერთო ნორმები, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა. აქ ის ჩამოთვლის ოთხ ძირითად პრინციპს,  რომლიდანაც მეორე არის ადამიანის მიერ შთამომავლობის დატოვება და მათთვის განათლების მიცემა, რაც ცალსახად მიუთითებს ბუნებითი სამართლის  თეორიისათვის განათლების მიღების მნიშვნელობაზე. (M. Dimmock and A. Fisher; 2017) შესაბამისად, პირისთვის ისეთი პროცედურის ჩატარება, როგორიც აუცილებელია მისთვის განათლების მისაღებად, იქნება ბუნებითი სამართლის იდეის, თანასწორობის უფლების განხორციელება.

დამატებით აღნიშნული მოსაზრების გამყარება შეგვიძლია ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით. თომა აკვინელი ადამიანისთვის ზოგად პრინციპად მიიჩნევს, რომ აკეთოს სიკეთე და ერიდოს ბოროტებას. (M. Dimmock and A. Fisher; 2017) როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, თანასწორობის უფლება, გარდა თანასწორ მდგომარეობაში მყოფი ადამაინებისთვის თანაბრად მოქცევას, ასევე უთანასწორო პირობებში მყოფი ადამიანებისთვის განსხვავებულ მობყრობას მოიცავს. მოცემულ შემთხვევაში გამოდის, რომ რიგით ადამიანს, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი პირობები განათლების მისაღებად, და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს, რომელსაც ჭირდება სპეციალური გარემოს შექმნა, იმისთვის რომ ისარგებლოს მისთვის მინიჭებული უფლებით, ებყრობიან იდენტურად, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპს. ეს კი სიკეთის კეთების პრინციპში ვერ ჯდება. შესაბამისად, აქედანაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ბუნებითი სამართალი მოუწოდებდა სკოლას, რომ ეზრუნა პირისთვის კათეტერიზაციის პროცედურის შეთავაზება.

ყოველივე ზემოთ ხსენებულის მოკლედ შეჯამება შეგვიძლია  ფრანგი განმანათლებლის, ვოლტერის სიტყვებით, რომელიც ბუნებითი სამართლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებას გამოეხმაურა შემდეგი სიტყვებით, “ყველა ადამიანი თანასწორია. ათ შორის განსხვავებას განაპირობებს მხოლოდ მათი შესაძლებლობები და არა დაბადება”. [Ნ. კინწურაშვილი, 2015: 13].

 

ბიბლიოგრაფია

  1. Dimmock, Mark. Fisher, Andrew. Ethics for A-level, UK: Open book publishers, 2017.
  2. Gaus, Gerald F., and Fred D’Agostino, Routledge Companion to Social and Political Philosophy, New york: Routledge Taylor and Francis group, 2012.
  3. Irving Independent School District v. Tatro.
  4. Macintyre, Alasdair. After virtue, third edition, USA: University of Notre Dame Press, 2007.
  5. ბურდული, ირაკლი. გოცირიძე, ევა. ერქვანია, თინათინ. ზოიძე, ბესარიონ. იზორია, ლევან. კობახიძე, ირაკლი. ლორია, არჩილ. მაჭარაძე, ზურაბ. ყურავა, მერაბ. ფირცხალაშვილი, ანა. ფუტკარაძე, იაკობ. ქანთარია, ბექა. წერეთელი, დავით. ჯორბენაძე, სანდრო. საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, მეორე თავი, საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი: შპს “პეტიტი”, 2013.
  6. კინწურაშვილი. ნათია, დისკრიმინაციის ძირითადი კონცეპტები საერტაშორისო სამართალში, თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, 2015.
  7.  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, დისკრიმინაციის აკრძალვა, 2014.
  8. ჰობსი, თომას, “ლევიათანი”, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსების "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ან "პოლიტიკური იდეოლოგიები" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.

რამდენად მოგეწონათ სტატია?

საშუალო რეიტინგი 5 / 5. შეფასდა 1

%d bloggers like this: