გაერთიანების თავისუფლება ორგანიზაციის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

5
(1)

ადამიანი რომ სოციალური ცხოველია, ეს ჯერ კიდევ არისტოტელემ თქვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე. (Aristotle, ed. Roger Crisp; 2004) სოციალური ურთიერთობები იცვლება, თუმცა უცვლელი რჩება ეს იდეა. ამასთანავე, საუკუნეების გასვლის შემდეგ, ადამიანთა მიზნებიც უფრო კომპლექსური ხდება, რომლის მისაღწევადაც ერთი პიროვნება საკმარისი აღარ არის. ამიტომ, ადამიანები იძულებულები ხდებიან გაერთიანდნენ და სხვებთან ერთად მიაღწიონ ამ მიზანს. ამ საჭიროებიდან გამომდინდარე, კონსტიტუციონალიზმმა გაერთიანების თავისუფლება კონსტიტუციური მოწესრიგების რანგში აიყვანა და დღეს ის ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. ( ი. ბურდული, ე. გოცირიძე და სხვები; 2013.) მოცმული უფლების ფარგლებში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჩამოაყალიბონ და იყვნენ ამ გაერთიანების წევრები. ასევე გაერთიანების თავისუფლება მოიაზრებს იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უფლება, არ გახდნენ იმ გაერთიანების წევრები, რომლის წევრობაც არ სურთ. (OSCE; 2015) მისი მნიშველობიდან გამომდინარე, ეს უფლება დაცულია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და არაერთი საინტერესო დავა არსებულა ამ თემის ირგვლივ. შეგვიძლია განვიხილოთ ერთ-ერთი.

ჯეიმს დეილი იყო ბოისკაუტების წევრი 1978 წლიდან, 8 წლის ასაკიდან. წლების განმავლობაში მან მიიღო არაერთი წოდება, მათ შორის “არწივი სკაუტისთვის”, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დამსახურება ორგანიზაციაში, და არაერთი მედალი სხვადასხვა დამსახურებისთვის. წლების შემდეგ, მან ჩააბარა აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, გახდა “LGBT” ორგანიზაციის თავმჯდომარე და აღიარა, რომ იყო ჰომოსექსუალი. რის შემდეგაც, მან მიიღო წერილი ბოისკაუტებისგან, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ ის გარიცხეს ორგანიზაციიდან მისი ორიენტაციის გამო. დეილმა შეიტანა სარჩელი ნიუ-ჯერსის სასამართლოში, სადაც ამბობდა, რომ ბოისკაუტების საქციელი არღვევდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც მოქმედებდა შტატებში. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და მოითხოვა დეილის წევრობის აღდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში, უზენაესმა სასამართლომ კი ორგანიზაციაში აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. (Boy Scouts of America et al. v. Dale; 2000)

აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლო ორ მნიშველოვან უფლებას, ასოციაციის თავისუფლებას და თანასწორობის უფლებას, შორის არსებული ზღვრის პოვნას ცდილობს. ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დავამ საზოგადოებაში ერთგვაროვანი მოსაზრება ჩამოაყალიბოს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ საკმაოდ მრავალმხრივ მსჯელობას შეგვიძლია, დავამატოთ საქმის განხილვა კონსეკვენციალიზმის ჭრილში, რამაც შეიძლება ახალი კუთხით დაგვანახოს არსებული სიტუაცია.

კონსეკვენციალიზმი ის ეთიკური იდეაა, რომელიც მოქმედების ავკარგიანობას შედეგის მიხედვით აფასებს. (J. Driver; 2012) მისი ერთ-ერთი ფორმის, უტილიტარიზმის მიხედვით, სახელმწიფოს მაქსიმალური განვითარებისთვის, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ინდივიდს და მის უფლებებს, არამედ საერთო იდეას, რომლითაც მაქსიმალური ბედნიერების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ამ გზაზე კი იდეა უშვებს ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვას და ამართლებს მას. (J. Driver; 2022.) იმისთვის, რომ ზემოთ მოცემულ დავაში ვიპოვოთ მიზანი, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას, მნიშველოვანია რამდენიმე დამატებითი დეტალი აღვნიშნოთ.

ბოისკაუტი არის გაერთიანება, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდა ადამიანებში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება. (BOY SCOUTS OF AMERICA, About the BSA.) სასამართლო გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს მათ წესდებაში მითითებულ მიზანზე და ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივობას აქვს ექსპრესიული ხასიათი და მიმართულია საზოგადოებაში ან ორგანიზაციის წევრებში მორალის, პატრიოტიზმის და სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებისკენ. შესაბამისად, მნიშველოვანი ხდება იმის განსაზღვრა, თუ რა დამოკიდებულება აქვს აღნიშნულ ორგანიზაციას ჰომოსექსუალების მიმართ და მათი ორგანიზაციაში ყოფნა რამდენად მოახდენს გავლენას გაერთიანებაზე. ამის მიუხედავად, რომ ბოისკაუტების წესდებაში პირდაპირ არ წერია მათი დამოკიდებულება სექსუალურ ორიენტაციებთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ წესდებაში მოცემული ტერმინები “მორალურად სწორი” და “სიწმინდე” უპირისპირდება ჰომოსექსუალობას. მოპასუხის არგუმენტაციით, თუ დეილი იქნებოდა მათი წევრი, აღიქმებოდა, რომ ჰომოსექსუალების ცხოვრების წესი მათი ორგანიზაციისთვის მისაღებია, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს. (Boy Scouts of America et al. v. Dale; 2000)

პირველ შესწორებაში, რომლის დარღვევაზეც მიუთითებდა მოსარჩელე მხარე, ნაგულისხმევია პირის უფლება, გაწევრიანდეს გაერთიანებაში. ეს უფლება კი განსაკუთრებით მნიშველოვანი არის ისეთი გაერთიანებებისთვის, რომლის იდეაც არ არის საზოგადოებაში დომინანტი იდეა. შესაბამისად, დავაში შემოდის ახალი უფლება, რომლის დაცვაც მნიშველოვანია გადაწყვეტილების მიღებისას. ეს არის ორგანიზაციის  გამოხატვის უფლება. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს და მოსთხოვს გაერთიანებას, რომ აღადგინონ პირი, რომელიც, შეუსაბამოა მათი შეხედულებისთვის, რომლის ირგვლივაც არსებობს ბოისკაუტთა გაერთიანება, სახელმწიფო უხეშად ჩაერევა მათ გამოხატვის თავისუფლებაში და გარდა ამისა, მყიფეს გახდის მათ ერთიანობას. გამომდინარე აქედან, კონსეკვენციალიზმის ჭრილში ამ საქმის განხილვისას, დიად იდეად, რომლის მისაღწევადაც დასაშვებია სხვათა უფლებების შეზღუდვა, მიჩნეული იქნება ორგანიზაციის უფლებები, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საძირკველი დაუზიანდებოდა არა მხოლოდ ბოისკაუტთა გაერთიანებას, არამედ ზოგადად გაერთიანების უფლებას, რადგან ამ პრეცედენტით ის დაუშვებდა, რომ იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები წარმოედგინა პირს, რომელიც მათ იდეებს უპირისპირდება. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონსეკვნეციალიზმი მხარს დაუჭერდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საბოლოოდ, შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ამ გადაწყვეტილებისთის, როგორც ნიკოლო მაკიაველმა თქვა, “მიზანი ამართლებს საშუალებას”. (T. Mahrik, 2017: 126.) ამავდროულად, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, გაერთიანების უფლება თავის თავში მოიცავს უფლებას, თავად გადაწყვიტო თუ რომელი გაერთიანების წევრი იყო და თუ გაერთიანებაში პირის წევრობა საფრთხეს უქმნის ამ ორგანიზაციის იდეოლოგიის სწორ გავრცელებას, ორგანიზაციის იძულება ამგვარ ქმედებაზე დაუშვებელია.

 

ბიბლიოგრაფია

  1. Aristotle, Nicomachean Ethics, edited by Roger Crisp, UK: Cambridge University Press , 2004.
  2. Boy Scouts of America et al. v. Dale, 530 U.S. 640 (2000).
  3. BOY SCOUTS OF AMERICA, About the BSA, accessed may 18, 2022. https://www.scouting.org/about/.
  4. Driver, Julia. Consequentialism, USA, Routledge, 2012.
  5. Driver, Julia. The history of utilitarianism, (Standford Encyclopedia of philosophy, 2014), accessed may 18, 2022, https://plato.stanford.edu/entries/utilitarianism-history/?fbclid=IwAR3UvFjmxyEVJ7ilJrG9UkIHS-9rdynEvSJFfOnvbVm3K78hP5Pj1aKN3SY.
  6. Mahrik, Tibor. The End Justifies the Means – Ethical Analysis, https://edukacjaetyczna.pl/wp-content/uploads/2017/17_2_Mahrik.pdf.
  7. OSCE, Guidelines on freedom of association, Poland: Published by the OSCE, 2015, https://www.osce.org/files/f/documents/3/b/132371.pdf.
  8. ბურდული, ირაკლი. გოცირიძე, ევა და სხვები, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, მეორე თავი, საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი: შპს “პეტიტი”, 2013.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსების "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ან "პოლიტიკური იდეოლოგიები" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.

რამდენად მოგეწონათ სტატია?

საშუალო რეიტინგი 5 / 5. შეფასდა 1

%d bloggers like this: